ზაფხული და მდნარი შოკოლადი

 

ბათუმი

 

 ბათუმში ზღვის სანაპიროზე ვზივარ და ვფიქრობ....

ახლა მხოლოდ ტალღების ხმით თუ მიხვდებით, რომ თქვენს წინ უზარმაზარი ზღვაა გადაწოლილი. ჰორიზონტზე არაფერი არ ჩანს. წინ მხოლოდ წყვდიადია. ცა დედამიწას შეერთებია. ვარსკვლავებს თვალები დაუხუჭიათ მთვარეს კი გვერდებში სქლად ამოუკეცია ღრუბლების სქელი საბანი და სძინავს. ჩემს წინ სრული წყვდიადია, უკან კი სიცოცხლით სავსე განათებული, მხიარული ქალაქი, რომლის არც ერთ მაცხორებელს არ ანაღვლებს ორ უკიდურესობის საზღვარს შორის ერთ წერტილად გამოკიდებული მფეთქავი და ოდნავ სასოწარკვეთილი გოგო, რომელიც იაფასიან ღვინოს სვავს, ეს უკანასკნელი კი  თავის ფასის კვალობაზე გაგიკვირდებათ და ძალიან გემრიელია.

* * *

დღეს 17 აგვისტოა, მე კი მერი მქვია. სანამ ჩემი ზაფხულის რამდენიმე თავგადასავალს გაგიზიარებთ მინდა ცოტაოდენი ჩემს შესახებ გიამბოთ. გიდად ვმუშაობ და მთელი ზაფხულია საქართველოს გარშემო ვმოგზაურობ. ვერ ვიტყოდი, რომ ჩემი სამსახური არ მიყვარს, პირიქით ძალიან მომწონს თუმცა დამღლელია. მყავს 2 ძაღლი და ვცხოვრობ ძალიან პატარა თუმცა საყვარელ სახლში, რომელსაც დედაჩემი მოფერებით „გრინჩის სახლს“ ეძახის. არა… არ გეგონოთ რომ შობის მოპარვას ვაპირებთ ან რამე ასეთი. პირიქით ძალიანაც მიყვარს შობა იმის მიუხედავად, რომ მუდმივად იმედს მიცრუებდა თოვლის კაცის დაჟინებული ქმედებები შეეცვალა ჩემი სურვილები და მობილური ტელეფონის ნაცვლად უმეტესად წინდები ან ტკბილეული მოჰქონდა.

* * *

ამ ადგილმა ტკბილი ნაყინებისა და შოკოლადის ფხვიერი ორცხობილების სუნი დამიტოვა თმებში. ღამის 2 საათია და სანაპიროს ჩემ გარდა სულიერი არ შემორჩენია, ყოველ შემთხვევაში მე  ვერ შევამჩნიე ვერც ერთი. ვდგები და ბორძიკ-ბორძიკით ვცდილობ გავიარო ეს ქვიანი სანაპირო. ბულვარში გავდივარ იმის იმედით, რომ ვინმე ნაცნობს ვნახავ ან თუნდაც ვინმეს გავიცნობ… რატომაც არა? ზაფხულია და თავგადასავლების დროა. თუ ოდნავ მოინდომებთ ძალიან მარტივად შეძლებთ ალბათ არც თუ ისე წესიერ, თუმცა ძალიან მხიარულ წრეში გარევას და თუ 1-2 ჭიქასაც დალევთ მათთან ერთად სრულუფლებიან წევრად გადაიქცევით. ამის შემდეგ შესაძლოა რამდენიმე ნაპასიც კი დაარტყათ მათთან ერთად და  ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ იფიქრებთ რომ მთელი ცხოვრებაა ამ ხალხს იცნობთ. თუმცა ეს გრძნობა ხანმოკლეა და მანამ გაგყვებათ სანამ სამსახურში წასვლის დრო არ დადგება და მთელი ღამის უძილოს ზედიზედ რამდენიმე ამერიკანოს დალევა მოგიწევთ, ვინაიდან ერთ ჭიქას აღარ შეუძლია თქვენი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა.

რა ხდება სამსახურში? უმეტესად ცდილობ რაც შეიძლება პოზიტიური და კომუნიკაბელური იყო. ცდოლობ ტურისტებს მოაწონო საქართველო და რაც შეიძლება მეტი კარგი დაანახო, ხოლო ცუდი დამალო, თუმცა ზოგჯერ ორივე ძნელია. ასევე ცდილობ თავი პასუხისმგებლიან „ტიპად“ წარმოაჩინო შენ უფროსთან, მაგრამ ყველაზე მთავარი არ უნდა დაგავიწყდეს. პირადი სივრცე და დრო საკუთარი თავისთვს.

ბათუმში პირველად რომ ჩამოვედი არავის ვიცნობდი, თუმცა მალევე ადვილად გავშინაურდი. სამსახურის დამთავრების შემდეგ ფეხით შემოვარე ყველა ახალი, თუ ძველი ქუჩა. დავაგემოვნე აჭარული ხაჭაპური და ქართული უგემრიელესი ღვინო. ვიბანავე ბობოქარ და დაუმორჩილებელ ზღვაში მზის ჩასვლისას და ცეცხლის ფასი გადავიხადე ბულვარის ნაყინში. ამ ყველაფრის შემდეგ ფეხებდაბუჟებული „სანსეტის“ წინ ჩამოვჯექი, სკამზე, დასასვენებლად და სახლში წასასვლელად მოვემზადე.

ვიჯექი  და ვხვდებოდი, რომ ადგომა და წასვლა იმდენად მეზარებოდა შემეძლო მთელი ცხოვრება ამ სკამზე გამეტარებინა და ყოველ გამვლელზე ანდაც უეცრად ხიდან ფოთლის ჩამოვარდნაზე მეფიქრა. შემეძლო ბალახს დავკვირვებოდა ან ტბორში ბაყაყთა რაოდენობა გამომეცნო მათ მიერ შექმნილი ხმაურის მიხედვით. შემეძლო მეფიქრა იმ კაცის ოჯახსა და მომავალზე რომელიც ლუდის ბოთლით ხელში მანქანის კარს ეჯაჯგურებოდა. ვიცოდი რომ არ იყო კარგი იდეა ასეთ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომა, თუმცა არაფერი არ მითქვამს. ვიცოდი რომ „ჩემი საქმე არ იყო“, უფრო სწორად კი ჩემს თავში შიში ვერ დავძლიე და ვერ ჩავერიე. სახლში შეიძლება ცოლ-შვილი ელოდა. ზოგჯერ ასე მემართება ვიცი სწორი გზა, მაგრამ რაღაც შინაგანი ძალა არ მაძლევს უფლებას ამ გზით ვიარო.

ასე დიდხანს ვიჯდებოდი და ვიფიქრებდი ათას სისულელეზე თუმცა ჩემი თანამეოთახე შემხვდა რომელთან ერთადაც ვცხოვრობდი… გადავწყვიტეთ რომ სახლში ტაქსით წავსულიყავით ასე უფრო მომგებიანი იქნებოდა ორივესთვის. გზის მხარეს გადავინაცვლეთ და ჩვენდა გასაკვირად 1 წუთიც არ იყო გასული როდესაც ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გაგვიჩერა მანქანა და სახლში წაყვანა შემოგვთავაზა.

ამ უკანასკნელს დავთანხმდით ერთობ მეგობრულ და თავაზიან შემოთავაზებაზე, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით მანქანაში ჩაჯდომამდე ვკითხე მანიაკი ხომ არ იყო ან რაიმე ცუდი განზრახვა ხომ არ ამოძრავებდა ჩვენთან მიმართებაში.

ნუ შეგეშინდებათ ის მართლაც არ ყოფილა მანიაკი, თავგადასავლების მოყვარული ერთი მოუსვენარი ბიჭი აღმოჩნდა ძალიან სასაცილო აჭარული აქცენტით, რომელიც ასევე გიდი აღმოჩნდა და დაჟინებით მოითხოვა ჩვენთვის ღამის ბათუმის ტურის  ჩატარება. ეს უკანასკნელი კი ღამის 3 საათზე მაკდონალდსის კალორიული მენიუთი და ერთი  ჰეინეკენის ბოთლით დაგვირგვინდა.

 

ქუთაისი

პირველი რაც კი თვალში მოგხვდებათ ქუთაისში ჩამოსვლისას ეს არის საშინლად დანგრეული გზები და მომღიმარი ხალხი. ამ ზაფხულში 5 ჯერ მომიწია ქუთაისში გაჩერება და არც ერთხელ არ მომიწყენია.

განსაკუთრებით სასიამოვნო ჩემთვის მდინარე რიონის ნაპირთან დიდ თეთრ ქვებზე ჯდომა უსახლკარო ძაღლის მოფერება და ხატვა იყო. მთელი 1,5 საათის განმავლობაში თეთრი ხიდის უშედეგოდ დახატვის მცდელობების შემდეგ  მივხვდი რომ ძალიან მშიოდა და  გადავწყვიტე რომელიმე ადგილობრივ რესტორანში შევსულიყავი.  არ ვიცი რატომ მაგრამ ამხელა იმერელმა ქალმა ქუთაისში ელარჯი შევუკვეთე.   თუმცა ამ კერძთან დაკავშირებული ყველა უსიამოვნება ჩემი თანამგზავრის მშვენიერმა იუმორის გრძნობამ გადაფარა.

მუხური

მუხურში სულ ოთხი დღით ჩავედი, გზას 4 საათი უნდა თბილისიდან. სამეგრელოში შესვლისთანავე ვიგრძენი რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული ადგილია. მოვლილი და ერთ ზომაზე გაკრეჭილი გაზონები, აყვავილებული ქოთნები, ხილით დამშვენებული ბაღები, უგემრიელესი საჭმელი და რაღათქმაუნდა ხალხი. თუ გინდათ რომ დედაქალაქის ჩახუთულ ჰაერს გაექცეთ და ცოტაოდენი ხნით გაინავარდოთ მაშინ ეს ნამდვილად შესაფერისი ადგილია თავისი თვალწარმტაცი ხედებით, აქაფებული მდინარითა და ჩანჩქერებით, უზარმაზარი ლოდებით და ტყის ცივი ნესტიანი ნიავით. მუხურიდან  დაახლოებით 40 წუთში გადავედით მარტვილში. მე და ჩემი დეიდაშვილი თითქმის ყოველ ქვასთან ფოტოს ვიღებდით. თუ გინდათ სიმშვიდე მოიპოვოთ აუცილებლად უნდა ესტუმროთ სამეგრელოს და ამასთანავე არ დაგავიწყდეთ დააგემოვნოთ უგემრიელესი თაფლი.

 

* * *

ამ ზაფხულში მონახულებული უამრავი ადგილებიდან მინდა უკანასკნელი და ჩემთვის ყველაზე საყვარელი გამოვყო.

 

ყაზბეგი

თბილისიდან დიდი მოლოდინებით მივდიოდი. ცოტათი უძილო და თმადასავარცხნი. ვიცი რომ მალე ვნახავ ადგილებს რომელსაც შეუძლია ჩემი ბობოქარი და დაუმორჩილებელი აზრების დალაგება და დამშვიდება. აი ანანურიც ჩამოვიტოვეთ…. წინ მტვრიანი და დაუმთავრებელი გზის მონაკვეთია რომელზეც გავლისას აუცილებლად უნდა აუწიოთ ფანჯრებს… შემდეგ მდინარესთან გაჩერდები და სურვილისამებრ ცხენს მოეფერები. განსაკუთრებით ერთი მიყვარს ჩორნას ეძახიან. მარტივად მიხვდებით, რომ ეს სახელი შეფერილობი გამო დაარქვეს თუმცა მე შავტუხას დავარქმევდი მეტად შეეფერება და უკეთ ჟღერს. ხოდა ამ შავტუხა ცხენს ძალიან უყვარს სტაფილო და მწვანე ვაშლი. ამის გამო ყოველ ამოსვლაზე კონტეინერით დაჭრილი მწვანე ვაშლი მომაქვს. ნახევარზე მეტს ამას ვაჭმევ ნახევარს კი ჩემთვის ვიტოვებ…

გუდაურის გადასახედს მივადექით და დადგა დრო როცა უნდა გავფრინდე. ეს ისე სპონტანურად გადაწყდა რომ არც დავფიქრებულვარ ფრენასთან დაკავშირებულ არანაირ საფრთხეზე. ვიცოდი რომ ძალიან მარტივი იქნებოდა. ჯერ მიწაზე მყარად დგახარ შემდეგ კი ნელ-ნელა მაღლა იწევი. თითქოს ცაში ხარ სიმებით მიბმული და ვიღაც ამ სიმს მაღლა ექაჩება. ყველაზე რთული უძრაობიდან გამოსვლა და მაღლასვლის დაწყებაა დანარჩენს კი უკვე მარტივად ეჩვევი. ცდილობ დაბლა არ იყურო. არ გინდა  იფიქრო იმაზე, თუ  რა მოგივა ის ვიღაც ცაში შენს ძირს დანარცხებას თუ გადაწყვეტს. მაგრამ შიშს თუ დაძლევთ და დაბლა ჩაიხედავთ მიხვდებით რომ არაფერი არ სჯობია იმ მომენტს როცა მაღლა ხარ და უფრო მაღლა მიდიხარ. აი მაშინ გრძნობ რას ნიშნავს გამონათქვამი ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნადო. აი მაშინ ხარ თავისუფალი.

როდესაც მიწაზე დავეშვი ჩემი თავი გოდერძი ჩოხელის მოთხრობის ერთ გმირს, ცასწავალას, შევადარე.  მივხვდი რომ  მეც ცასწავალა ვარ. და ზოგადად ყველა ცასწავალაა ვინც ჩემსავით ოცნებობს ფრენაზე და იბრძვის თავისი მიზნებისთვის.

ყაზბეგი იცით რა ლამაზია?  ულამაზესი. მაღალი მოხუცი და ძალიან მკაცრი სახე აქვს.  თავი კი გამელოტებია მაგრამ თქვენ ამას ვერ შეამჩნევთ თოვლითაა დაფარული. ფერდები კი სიბერისგან ისე დანაოჭებია გეგონება საუკუნეებია რაღაცაზე დარდობსო. შეიძლება ასეცაა ვინ იცის. საღამოობით კი ნისლის საბანს იფარებს, რათა მეორე დილისთვის ისევ მყარად იდგეს საგუშაგოზე.

ყაზბეგში  ყოფნისას მთასვლელები გავიცანი… მყინვარწვერის დასალაშქრად მიდიოდნენ და ჩემს თავს დავპირდი, რომ მომავალ წელს ამ დროს აუცილებლად დავლაშქრავდი ამ უდიდეს მწვერვალს.

ჩემი მოგზაურობიდან ყველაზე მეტად ყაზბეგის სუნი მომეწონა. სიმკაცრის, თავგადასავლების, ნოჩი მწვანე ბალახისა და რძის სუნის ნაზავია ყაზბეგში. ეს ყველაფერი კი ძალიან მომწონს.

სიყვარულით მერი.

 

 

Оставьте комментарий